ინტერნეტ ტელევიზია - ქართველი ემიგრანტებისთვის

მე რომ ემიგრანტი არ ვყოფილიყავი,ჩემი შვილები ამდენ წარმატებას ვერ მიაღწევდნენ

image
-იაკო გამარჯობა. საქართველოდან მინდა დავიწყო. რომელი კუთხიდან ხართ, რა საქმიანობას ეწეოდით საქართველოში საბერძნეთში გამგზავრებამდე?
-გამარჯობათ მე ვარ ია ქურდაშვილი,საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე-  კახეთიდან,კერძოდ სიღნაღის რ-ნი სოფ.ბოდბისხევიდან. საბერძნეთში წამოსვლამდე მქონდა გახსნილი საკუთარი საცხობი მაგრამ მალევე მომიწია დაკეტვა გადასახადებს ვერ ავუდიოდი....
- თითქმის ყველა ემიგრანტის ტკივილია სამშობლო. მონატრებული ოჯახი,ახლობლები. თქვენ ვინ გელოდებათ აქ?
- ნოსტალგია და მონატრება ეს ყველა ემიგრანტის დიდი ტკივილია და აგრეთვე ჩემიც,საქართველოში დავტოვე დიდი ოჯახი,დედა,4 შვილი და დედმამიშვილები და ბევრი სანათესაო რომლებსაც მარტო ცრემლიანი თვალებით თუ მოვეფერები ხოლმე აქედან.
 
- გვიამბე რამე თქვენი შვილების შესახებ?
-მყავს 4 შვილი,3 გოგონა და 1 ბიჭი. როდესაც წამოვედი პატარები იყვნენ.მახსოვს რომ მაცილებდნენ 12 წლის იყო თამარი სიმღერა დაიწყო  „პატარა ვარ მოფერება მინდაო“ და ცრემლები ჩამოსდიოდა ღაპაღუპით...
მინდა საჯაროდ ვთქვა რომ ჩემმა შვილებმა ძალიან დიდი წარმატებით დაამთავრეს სკოლა. ოქროს მედალზე დაამთავრა წელს პატარა ქეთიმ და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მაგრამ რაც არ უნდა მძიმე სათქმელი და მოსასმენი იყოს ეს ჩვენი საზოგადოებისთვის მე რომ ემიგრანტი არ ვყოფილიყავი ჩემი შვილები ამდენ წარმატებას ვერ მიაღწევდნენ. დღეს რაიონი თუ სოფელი ამაყობს მათით.
- ძალიან რთულია უცხო მიწაზე ფეხის მოკიდება.ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ენის ცოდნას. როგორია 2012 წლიდან დღემდე თქვენი როგორც ემიგრანტის განვლილი გზა?
 
- გეთანხმებით ძალიან რთულია უცხო მიწაზე ფეხის მოკიდება...სამი თვე ენის არცოდნის გამო არსად არ მიღებდნენ სამუშაოდ, მერე დამსაქამებელმა მიშოვნა სამსახური ერთ-ერთ ეკლესიაში. დედაოს უნდოდა დახმარება ერთ სოფელში .წავედი 4 საათის სავალზე  19 დღე გავუძელი ენით ვერ ავღწერ რა საშინელ სიტუაციაში მომიწია იქ მუშაობა...საჭმელის ჭამის უფლებაც არ მქონდა მაცივრებზე სიგნალიზაცია ქონდათ დაყენებული...მარტო თვითონ რასაც დამიდებდნენ ის იყო ჩემი ულუფა. მეორე სამსახური შემხვდა ოჯახი პაპა და ბებო 4 წელი დასვენების გარეშე ვიმუშავე მარტო ეკლესიაში მიშვებდნენ სანთლის დასანთებად ,იქ შემერყა ჯამრთელობა და მერე მეგობრების დახმარებით და უფლის წყალობით მოვხვდი ისეთ ოჯახში სადაც  საკუთარი თავი ვიპოვნე.
  
 

- თქვენ ხართ ათენის „ქართული სახლის“ წევრი,მონაწილეობას იღებთ სხვადასხვა პროექტებში. ამის შესახებ რას გვეტყვით,რა საქმიანობას ეწევა „ქართული სახლი?
- დიახ, მერგო პატივი რომ გავმხდარიყავი „ქართული სახლის“ წევრი,რომლის პრეზიდენტიც გახლავთ დარეჯან ღამბაშიძე,ქართული სახლი აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა და სხვა ორგანიზაციებთან ამჯერად ჰქონდა შემოთავაზება მუნიციპალიტეტთან რომელსაც ჰქონდა პროექტი "ბახარ" რაც ნიშნავს - დავაგემოვნოთ მეზობელი ქვეყნის სამზარეულო. ამ პროექტში ვიყავით სამი ქვეყნის წარმომადგენლები: საქართველო,ფილიპინები და საბერძნეთი. საქართველოს სახელით გამოვედი მე და ღია სივრცეში მოვამზადე ქართული ხინკალი და იმერული ხაჭაპური....რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ბერძენი დამგემოვნებლის მიერ 4 საათიანი პროგრამა იყო და ქართველებმა ნახევარ საათში ავიღეთ პირველი ადგილი, რიათაც ძალიან დიდი წარმატება მოვუტანეთ ჩვენს ქვეყანას და ასევე  ქართულ სახლს ათენში...
  ასევე გვქონდა გატანილი ქართული ცეკვები რომლის ქორეოგრაფები არიან კესარია სამხარაძე და ივიკო მეფარიშვილი,უმიკროფონოდ ნამღერმა გიორგი გაბოძის სიმღერამ კი მსმენელი აატირა.არ წყდებოდა მხურვალე აპლოდისმენტები. ქართულ სახლს კიდევ აქვს ერთი ძალიან კარგი პროექტი 14 აპრილს ყველა ქვეყნის ემიგრანტი პოეტები არიან მოწვეული აქ ათენში და ჩატარდება პოეზიის საღამო, სადაც მონაწილეობას მიიღებენ კახეთიდან ჩემი წნორელი ალექსი ბერიაშვილი,ზურაბ პაპიაშვილი  "ჰერეთი"საიდ მულიანი,ფერეიდანი ირმა შიოლაშვილი-გერმანია, ზეინაბი- საფრაგეთი, ,ხათუნა შავგულიძე;ინგლისი ნინო სპანდერაშვილი "სომხეთი" წამყვანები ანა და საბა ობოლაძე.
 -ამ კითხვას ყველა რესპონდენტს ვუსვამ: - თქვენი თვალით დანახული საქართველო?
-7 წელია საქართველოს მხოლოდ სიზმარში თუ ვნახულობ...კიდევ კარგი არსებობს სოციალური ქსელი რომლის საშუალებითაც გვაქვს კომუნიკაცია საქართველოსთან და ახლობლებთან...რაც ყველაზე სამწუხაროა, ხალხს ისევ ძალიან უჭირს,მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებთ რომ აყვავდება და აღორძინდება ჩვენი სამშობლო.
- ხომ არ აპირებთ თქვენი საქმიანობის  საქართველოში გაგრძელებას
-როგორც კი მომეცემა საქართველოში დაბრუნების საშუალება,აუცილებლად გავხსნი საცხობს და მექნება ჩემი მცირე ბიზნესი.
- და ბოლოს,რას უსურვებთ ქართველ ემიგრანტებს.
-ქართველ ემიგრანტებს ვუსურვებდი მალე მოეგვარებინოთ ყველა ის პრობლემა რამაც იძულებული გახადა დაეტოვებინა სამშობლო და წამოსულიყვნენ აქ უცხო მიწაზე....რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყვნენ ჩვენს მონატრებულ საქართველოში.  
 -უღრმესი მადლობა,Emigrantebis.tv გისურვებთ მრავალ წარმატებულ პროექტს და წინსვლას პროფესიულ საქმიანობაში.
 -ასევე წარმატებებს გისურვებთ თქვენც.
 მასალა მოამზადა  თეო არაბიძე
  • 0
  • 357

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
პოპულალური
Image
საინტერესოა
ყველას ნახვა
საზოგადოება
Image