ინტერნეტ ტელევიზია - ქართველი ემიგრანტებისთვის

წონაში დაკლების მარტივი რეცეპტი რომელიც გაგაოცებთ

image
   -მოგესალმებით ქალბატონო მადონა, საიდან ხართ წარმოშობით და  პირველ რიგში მინდა გკითხოთ როგორი ბავშვობა გქონდათ?
  -გამარჯობა. დავიბადე თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარში,საკმაოდ შეძლებული გლეხის ოჯახში. არაჩვეულებრივი და ტკბილად მოსაგონარი  ბავშვობა მქონდა,შემდეგ სტუდენტობა.
    -რამდენი წელია ემიგრაციაში იმყოფებით და რა იყო ამის მიზეზი?

-9 წელია ემიგრანტი ვარ. იტალიაში ვცხოვრობ. წამოსვლის მიზეზი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა იყო. უსამსახუროდ დავრჩი და იძულებული გავხდი გადამედგა ეს ნაბიჯი.
  ძალიან მძიმედ მახსენდება პირველი წელი. როცა სრულიად უცხო გარემოში ხვდები და  ოჯახი სადაც მუშაობ მონასავით გექცევა ძალიან მძიმე ასატანია. სულ ვტიროდი.ვწერდი ცრემლიან წერილებს  და  მთელი ღამე ვკითხულობდი შვილის მოწერილ მესიჯებს რომელსაც უჩემობა ძალიან უჭირდა და დაბრუნებას მთხოვდა. მაგრამ ჩემი წასვლა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.ღამით გადავწყვეტდი დაბრუნებას თუმცა თენდებოდა და ახალი დღე იწყებოდა. დროთა განმავლობაში შევეჩვიე არსებულ მდგომარეობას. ყველაფერთან ერთად  გამიმართლა და ჩასვლიდან 8 თვეში საბუთი გავაკეთე რომლის საშუალებითაც წელიწადში ერთხელ ვსტუმრობ საქართველოს.

  -ემიგრაციაში საკმაოდ მძაფრდება სამშობლოს,ოჯახის ნოსტალგია. ხშირად გაუსაძლისია ამ მონატრების ატანა.თქვენ ვინ გელოდებათ საქართველოში,გაგვაცანით თქვენი ოჯახი?

  -მყავს მეუღლე, ვაჟიშვილი რძალი და პატარა შვილიშვილი - ოთხი წლის ანამარია.
   ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგე ჩემი ემიგრანტობის პერიოდში. პირველ რიგში დავკარგე ყველაზე საყვარელი ადამიანი, დედა-რომელიც ჩემს დაბრუნებას მოუთმენლად ელოდა. ყოველთვის როცა კი სამშობლოს ვსტუმრობ პირველად დედ-მამის საფლავზე მივდივარ.
   გაუსაძლისია მონატრების გრძნობა საყვარელი ადამიანების მიმართ,თუმცა სამწუხაროდ ვერაფერს ვცვლით, რადგან საქართველოში ძალიან რთული პირობებია ლუკმა-პურის საშოვნელი რესურსები ამოწურულია ფაქტობრივად.
  -სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარული ხართ როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნებისყოფის ქალბატონი.  დაიკელით -66 კილოგრამი. მოგვიყევით დაწვრილებით როგორ და რა საშუალებით მიაღწიეთ ამ საოცარ შედეგს?

  - ყოველთვის მქონდა სიმსუქნის პრობლემა.სულ დიეტაზე ვიყავი თუმცა რასაც ვიკლებდი შემდეგ ორმაგად ვიმატებდი. დიეტებმა ნაღველი დამიზიანა.ოპერაცია დამჭირდა და ნაღველი ამომაჭრეს. 155 კგ მივაღწიე არასწორი კვების შედეგად. ჭარბწონიანთათვის რთულია სამსახურის მოძებნა იტალიაში. ერთმა იტალიელმა მითხრა- თუ თავს არ მიხედავ,ინვალიდის ეტლში აღმოჩნდებიო. კუჭის ოპერაციის გაკეთებას ვფიქრობდი თუმცა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ვერ გავიმეტე,ოჯახს ვერ მოვაკელი.
  ერთ დღეს კი ინტერნეტში გადავაწყდი "მარის რეჟიმს." თავდაპირველად მხოლოდ თვალს ვადევნებდი,ვხედავდი რომ შედეგი საკმაოდ ეფექტური ჰქონდათ სხვა გოგონებს. გადავწყვიტე მეც ჩავრთულიყავი ამ რეჟიმში. მარის აქვს დახურული ჯგუფი რომელსაც ჰქვია მარაფონი. თავის შედგენილ მენიუებს დებს და გოგონებს ეხმარება. მეც ჩავერთე მარაფონში და მალევე დავიკელი 10 კილოგრამი. ყოველ დილით დავრბოდი ან  სეირნობდი სუფთა ჰაერზე.როდესაც შედეგი დავინახე სტიმული უფრო და უფრო მომეცა.
  მარი ძალიან მიწყობდა ხელს დასვენების დღეებში.შესაბამის მენიუს მიდგენდა რომ თან წაღება შემძლებოდა. ამ პერიოდში აღმოჩნდა რომ მქონდა დიდი ზომის ფიბრომა,როდესაც სწორი კვება და წონაში კლება დავიწყე,ექიმთან მორიგი ვიზიტის შემდგომ ექიმი გაოცებული დარჩა- ფიბრომამ ზომაში კლება დაიწყო და ოპერაცია საჭირო არ არისო მითხრა.
  -67 კგ დავიკელი.ამჟამად ჩემი წონაა 88 კილოგრამი,თუმცა -8 კილოს მოცილების სურვილი კიდევ მაქვს. 15 მარაფონი გავიარე, ახლა მეთექვსმეტე მარაფონი უნდა დავიწყო და ვიცი ამასაც წარმატებით გავართმევ თავს.
   მინდა ვისარგებლო და რეჟიმის დამფუძნებელ ქალბატონზე გითხრათ ცოტა რამ. ეს არის ყველა დადებითი თვისებით შემკობილი ადამიანი. სანიმუშო მეგობარი,დედა,მეუღლე,უფროსი. მიკვირს ხოლმე როგორ ახერხებს სამი ჯგუფის მართვას რომელშიც 80 000 ქალბატონია გაწევრებული,ისე რომ არავინ ყურადღების მიღმა არ რჩება. გოგოებს ძალიან კარგი შედეგები აქვთ და ეს ჩვენ ჯგუფის მოდერატორებს უზომოდ გვახარებს. მე პირადად ცხოვრება თავიდან დავიწყე.

 
  -რამდენი ხანი დაგჭირდათ  შედეგის მისაღებად?

  - დაახლოებთ 14 თვეში დავიკელი -55 კილოგრამი. ჯამში 19 თვეა მარაფონზე ვარ და -67 კილო მაქვს დაკლებული. კანიც მკვრივი მაქვს და ორგანიზმი ნელ-ნელა დგება ფორმაში. ვიყენებ მარის სკრაბებს რომელსაც სახლში ვამზადებ. ეს სკრაბები  იცავს კანს დაწელვისგან, ამკვრივებს და ელასტიურობას მატებს სხეულს.
  - სკრაბების შესახებაც გვიამბეთ,
როგორ მზადდება ან რამდენად ეფექტურია სახლში მომზადებული მარის სკრაბები?

-მარის სკრაბები, სახის ნიღბები და თმის მოვლის საშუალებები თითქმის ყველა სახლში მზადდება. ნატურალურია და არ შეიცავს არანაირ ქიმიურ შენაერთებს.
  გაგიმხელთ ჩემი ფავორიტი სკრაბის რეცეპტს,რომელსაც აქტუალურად ვიყენებ: ლიმონი 5 წვეთი,ნატურალური თაფლი 3  სუფრის კოვზი, შავი ყავა 5 სუფრის კოვზი, ზღვის მარილი 2 სუფრის კოვზი,თხევადი საპონი 2 სუფრის კოვზი. ინგრედიენტები კარგად აურიეთ ერთანეთში, გადაიტანეთ თავდახურულ ჭურჭელში და შეგიძლიათ გამოიყენოთ დღეში სამჯერ პრობლემურ ზონებზე სადაც კანი მოშვებულია, 10 წუთი დაიმასაჟეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

  - "მარის რეჟიმის" შემდგომ ხდება თუ არა წონის სწრაფად მატება.როგორ ინარჩუნებთ მიღებულ შედეგს?

  -მე ჯერ არ დამისრულებია პირადად კლება თუმცა ვეღარასდროს შევძლებ სხვაგვარად ვიკვებო,ისე მივეჩვიე რეჟიმს და სწორ კვებას.
  არის შენარჩუნების ფაზაც, გოგონები გადადიან ამ ეტაპზე და შედეგებიც სასურველი აქვთ,თუმცა არიან გოგონებიც რომელთან არ გაუვლიათ შენარჩუნების ფაზა და არც წონაში მატება ჰქონიათ. ასე რომ, მხოლოდ სწორი კვება და არანაირი ზედმეტი კილოგრამები.
    - ხომ არ აპირებთ თქვენი გამოცდილება იმ ჭარბწონიანებსაც გაუზიაროთ ვინც მუდმივ მტანჯველ დიეტებს იცავს და შედეგს საერთოდ ვერ იღებს რადგან მოგეხსენებათ დიეტის შემდგომ ორგანიზმი ორმაგად კრებს დაკარგულ კილოგრამებს.

  -დიახ,მინდა რომ ყველას გავუზიარო ჩემი შედეგი და დავეხმარო. ყველამ უნდა გაითავისოს რომ ჯანმრთელობა და სილამაზე ყველა ქალბატონისთვის აუცილებელია. არ მისცეთ სიმსუქნეს თქვენი დამახინჯების უფლება და მეტიც,ნუ გაიმეორებთ ჩემს შეცდომას. თუკი რაიმე შემიძლია და თუკი ვინმესთვის სტიმული ვარ ვცდილობ ყველას ამოვუდგე მხარში.ასევე მინდა ძალიან ბევრ ბედნიერ სახეს ვხედავდე.

- საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე მინდა გკითხოთ. როგორია თქვენი თვალით დანახული საქართველო?

  - სამწუხაროდ საქართველოში ყველაფერი უარესობისკენ მიდის. მე ყოველ წელს ჩავდივარ,ხანდახან 8 თვეში ერთხელ და ყოველ ჯერზე უარესი სიტუაცია მხვდება. მინდა დავბრუნდე,აღარ მინდა ოჯახს მოწყვეტილი ვიყო თუმცა როგორ ვიარსებო,თავი რით ვირჩინო? ძალიან მტკივა გული რომ ასეთ გაუბედურებულს ვხედავ ჩემს ქვეყანას. ერთმა იტალიელმა სტუდენტმა,რომელსაც ოჯახში ქართველი ქალი ჰყავდა დედის დამხმარედ გადაწყვიტა რომ დისერტაციის თემად საქართველო აერჩია. გამოსცა წიგნი STORIA DELLA GEORGIA  (საქართველოს ისტორია) რომელშიც აღწერილი და დასურათებული აქვს ჩვენი ქვეყანა.ჩვენ კი სამწუხაროდ ვერ ვაფასებთ ჩვენს ულამაზეს სამშობლოს.
 
  -როდის დაბრუნდებით?

  - ძალიან რთული კითხვაა. პასუხი არ მაქვს სამწუხაროდ. ორი წლით წამოვედი და უკვე 9 წელია ემიგრაციაში ვარ. არ ვიცი,მართლა არ ვიცი.
 
    - და ბოლოს,რას უსურვებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტულ ქართველ ემიგრანტებს?

  - ყველა ემიგრანტს ვუსურვებ ჯანმრთელობას და შინ მშვიდობით დაბრუნებას.
ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით...
    - დიდი მადლოობა ქალბატონო მადონა.
    - დიდი მადლობა  თქვენ და წარმატებები.
                             
                             მასალა მოამზადა თეო არაბიძემ     
  • 0
  • 4 608

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
საინტერესოა
ყველას ნახვა
საზოგადოება
Image